ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას მმართველი გუნდის წევრებიც აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობა გარე ძალების მართულ პროცესებზე საუბრობს, რომლის მიზანიც პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაა.
"ბრიტანეთში თუ ევროპის სივრცეში, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მათ კონტროლს სრულად არ ექვემდებარება და თავის ქვეყანაზე იწყებს ზრუნვას, მათი მტერია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ეს იქნება საქართველოში, ბრიტანეთში, უნგრეთში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მთავარი ის არის, რომ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე, სადაც არის ჩამონათვალი Fake news-ების გამავრცელებელი ორგანიზაციები, იქ არის შეტანილი BBC," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
"ყალბი ამბები, ჯოჯოხეთი ბრიტანეთში და დამნაშავეების მფარველობა" - BBC-ის მწვავედ აკრიტიკებს და ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი. "თქვენ უნდა უყურებდეთ BBC-ის ყალბ ამბებს ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ, ბრიტანეთი ჯოჯოხეთში ეტლით მიდის" - აცხადებს ყოფილი პრემიერი საავტორო შოუს პირველ ეპიზოდში და ამბობს, რომ მას 2022 წელს ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენების მცდელობა ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბრიტანეთს "სიკვდილის სურვილი აქვს." შოუმდე, ტრასმა ისიც თქვა, რომ Deep state-მა მისი განადგურება სცადა.