ქიმიური ფხვნილის სახელწოდება ცნობილია - სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით, მოწმეთა ჩვენებებით, გამოთხოვილი დოკუმენტებით და გდდ-ს ბაზებიდან ამოღებული ნიმუშების ქიმიური ექსპერტიზით დაადგინეს, რომ საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ, არა აკრძალული ნივთიერება "კამიტი", არამედ "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი" გამოიყენებოდა. ის აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ არის. სუს-მა დაადასტურა, რომ BBC-ის ე.წ საგამოძიებო ფილმში დასახელებული მძიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლის გამოყენებასაც ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
"ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი" სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ებრაული კომპანიისგან ჯერ კიდევ 18 წლის წინ შეიძინა, ფოტოზე სახელწოდებასთან ერთად, ტრანსპორტირებისას მინიჭებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდი- 3439 ჩანს, რომელიც BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც ფიგურირებს. თუმცა გამოძიებით ირკვევა, რომ ამ კოდის ქვეშ ტვირთი საქართველოში არაერთ ქართულ ორგანიზაციას შემოუტანია.
ის რომ მძიმე ქიმიური ნივთიერება საქართველოში არ გამოყენებულა, ამას სუს-ის ინფორმაციით ქიმიური ექსპერტიზის გარდა, მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს. BBC-ის რესპონდენტებიდან ყველამ უარყო, რომ მათი მიერ მიწოდებული ინფორმაცია "კამიტს" შეეხებოდა.
BBC-ის ე.წ საგამოძიებო ფილმში გამოყენებული ჩახუნაშვილების კვლევა, რომ სამედიცინო მტკიცებულებად ვერ გამოდგება - ეს სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტების აკადემიურმა პერსონალმა უკვე დაადასტურა. პროფესორების განცხადებით "კამიტის" ეფექტი წუთებში დგება და ის ცრემლდენას, სასუნთქი ორგანოების პარალიზებას, წყლულებს სხეულზე , სიბრმავეს , უკიდურეს შემთხვევაში კი გარდაცვალებას იწვევს. მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბუნებასაც. სუს- ის ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბრის აქციის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებმაც კლინიკა მეორე დღესვე დატოვეს.
სუს-ის მიერ გამოკითხულ 93 პირს შორს ვერ მოხვდა ამჟამად უკრაინაში მყოფი ლაშა შერგელაშვილი, რომელიც BBC-ის ე.წ საგამოძიებო ფილმის ერთ ერთი მთავარი გმირია. სუს-ში ამბობენ, რომ შერგელაშვილი შესაძლოა კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეში ფიგურირებდეს. საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე დეტონატორით, რომელიც უწყების ინფორმაციით 4 ოქტომბერს დივერსიული აქტისთვის უნდა გამოყენებულიყო.
სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების არ სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს.
მიზანმიმართული დეზინფორმაცია - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სუს-მა ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ტყუილში ამხილა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გარე ძალები საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობას ცდილობენ, ამაში კი მათ ქართველებიც ეხმარებიან.
აკრძალულ ნივთიერება "კამიტთან" დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სუს-მა უკვე დაასრულა. ახლა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ავტორი:ნანა გოგატაძე.