13 აგვისტო 2026,   12:38
ვრცლად
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება - უილკერსონმა დაუფარავად გაამჟღავნა ის სქემა, რომელსაც CIA-ის აგენტები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იყენებდნენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ იყენებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მედიასა და ენჯეოებს, სხვადასხვა ქვეყნებში, კონკრეტული ინტერესების გასატარებლად. "ქართული ოცნებისთვის" უილკერსონის ინფორმაცია დადასტურებაა, რომ კონკრეტული სქემები მტრული მიზნებისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.

აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის, გლენ დისენის ვიდეოპოდკასტში ისაუბრა. უილკერსონმა დაუფარავად გაამჟღავნა ის სქემა, რომელსაც CIA-ის აგენტები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იყენებდნენ. ლიბერალური იდეოლოგიის იარაღად გამოყენება, მოსყიდული მედიები, ენჯეოები და მთავრობები - ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს მოდელი წლების განმავლობაში წარმატებით გამოიყენებოდა.

კოლინ პაუელის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადება უინტერესო აღმოჩნდა ქართული ოპოზიციისთვის. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ თადარიგის პოლკოვნიკის მიერ პოდკასტში გაკეთებული განცხადების შეფასება მათთვის არასერიოზულია.

ლოურენს უილკერსონის განცხადებას მმართველი გუნდი აღიარებად აფასებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გარე ძალების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე ისინი დიდი ხანია საუბრობენ. შტატების არმიის პოლკოვნიკი კი სწორედ ამ ფაქტს ადასტურებს, თუ რამდენად დიდი რესურსი იხარჯებოდა ქვეყნებში ჩრდილოვანი მმართველობის ინტერესების გასატარებლად.

ამ თემაზე დღეს კომენტარი ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. პრემიერი კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს კონკრეტული ძალების მიზნებზე და ამისთვის სხვადასხვა სქემის გამოყენებაზე.

შტატების ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერვიუ გუშინ გასაჯაროვდა. ლოურენს უილკერსონი ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციაში 2001-2005 წლებში მუშაობდა.

აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა.

მან უკრაინის მაგალითზე განიხილა, თუ როგორ მოქმედებდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ჯარის წარმომადგენლები "ენჯეოების" გამოყენებით ქვეყნის ნატოსთან დაკავშირების მიზნით. მისივე თქმით, ანალოგიური ქმედებები საქართველოშიც განხორციელდა.

"ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო. ერთსა და იმავე დროს. ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ვყიდულობდით გაზეთებს, ვყიდულობდით ტელეკომპანიებს, ვიყენებდით "ენჯეოებს", ისე, რომ არც იცოდნენ - CIA-ს აგენტები იქაც გვყავდა და ვასწავლიდით, იარაღს ვაწვდიდით ლიბერალურ დემოკრატიას.

იგივე გავაკეთეთ საქართველოში. ეს ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით. მახსოვს, ხალხი მეკითხებოდა - თქვენი აზრით, რატომ თქვა უცებ ამ ხალხმა უარი ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანება მოინდომა? გინდათ იცოდეთ რატომ? ჩვენ ავაწყვეთ მათი მთავრობები. ჩვენ ვუხდიდით ფულს მათ მთავრობებს. ეს არის მოდელი, რომელიც ადრეც გამოგვიყენებია და შემდეგ ის ევროპაში გამოვიყენეთ. ჩვენ CIA გამოვიყენეთ, მაგრამ არა როგორც CIA. ჩვენ გვყავდა „ენჯეოები“, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იყენებდნენ იარაღად, ხალხის იმაში დასარწმუნებლად, რომ პირველი - „რუსები, რუსები“ და მეორე - საუკეთესო თავდაცვა ლიბერალური დემოკრატიაა და თუ გინდათ ლიბერალური დემოკრატია, უნდა გააკეთოთ ეს, ესა და ეს. და პირველ რიგში ნატოში უნდა მოხვიდეთ", - განაცხადა უილკერსონმა.

დღის ამბები