"ლელო - ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას განაგრძობს. "ძლიერი საქართველო" დღეს გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნავს, რომ პარტია, მოქალაქეებთან კოალიციურ პარტნიორობას ისევ ინარჩუნებს.
"ლელოსთან" თანამშრომლობას ადასტურებს ელისაშვილის პარტიის წევრი ქეთი თურაზაშვილიც და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილს გაემიჯნა, მათთან პარტნიორულ ურთიერთობაში რჩებიან.
საკითხს გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი და აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული პირის ადგილი არანაირ კოალიციასა და პარტიაში აღარ უნდა იყოს.
"არაფერსაც არ გამიჯვნიან, რადგან არ შეიძლება ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის ჩადენას ცდილობდა (ყოველ შემთხვევაში, გამოძიებამ ასეთი კვალიფიკაცია მისცა), ამას უწოდო თავგანწირვა. მაშინ ყველა ტერორისტი თავგანწირულია, რადგან თავს წირავს - ეს ლოგიკაა? თუ საქართველოში ტერორიზმს სხვანაირი შეფასება აქვს და მსოფლიოში - სხვანაირი? ამიტომ, "ლელოს" გაგება ტერორიზმისა არის ის, რომ თურმე, ეს არის ადამიანის თავგანწირვა მაღალი იდეალებისათვის. ეს საკითხი უნდა ყოფილიყო მკაფიოდ, მკაცრად და არაორაზროვნად დაგმობილი და თავისთავად, მისი ადგილი არანაირ კოალიციასა თუ პოლიტიკურ პარტიაში აღარ უნდა არსებობდეს" - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.