სასმელი წყალი სანამ მომხმარებლამდე მივა, რთულ და მრავალსაფეხურიან პროცესს გადის. მისი გზა ბუნებრივი საცავებიდან - მდინარეებიდან და მიწისქვეშა წყაროებიდან მოპოვებით იწყება, შემდეგ კი სპეციალურ ლაბორატორიებში ხვდება, სადაც ქიმიურ, ბაქტერიოლოგიურ და ფიზიკურ ანალიზებს გადის.
მომდევნო ეტაპი გაწმენდის პროცესია, რაც წყლის მრავალფენიან ფილტრებში გატარებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტექნოლოგიურ დამუშავებას ითვალისწინებს.
უკვე დამუშავებული წყალი რეზერვუარებში იქლორება, რაც მის დეზინფექციას უზრუნველყოფს. სრულად დამუშავებული და უსაფრთხო სასმელი წყალი მომხმარებლამდე მაგისტრალური მილებისა და გამანაწილებელი ქსელების გავლით აღწევს.
წყლის სისუფთავესა და უსაფრთხოების კონტროლი ყოველდღიურად ხორციელდება. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სპეციალისტები სინჯებს იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიებში შესაბამის ანალიზებს ატარებენ.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფუნქციებში მომხმარებლის უფლებების დაცვაც შედის, რასაც გარკვეულ შემთხვევებში კერძო ობიექტები არღვევენ. არის შემთხვევები, როცა წყალს უნებართვოდ მოიხმარენ, ხარჯი კი კეთილსინდისიერ მოქალაქეებს ეკისრებათ. სწორედ ამიტომ 8 დეკემბრიდან სასმელი წყლის უკანონო და არამიზნობრივ მოხმარებაზე კონტროლი მკაცრდება.
კონტროლი, პირველ ეტაპზე, კერძო სექტორის მასშტაბურ ობიექტებზე გაძლიერდება. უნებართვო მიერთების გამოვლენის შემთხვევაში კომპანია კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს, რაც ჯარიმას და ქსელზე არაკანონიერი მიერთების ჩახსნას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე