17 აგვისტო 2026,   20:04
ვრცლად
"გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. "კამიტის" გამოყენებას, არის სრული აბსურდი და სიცრუე" - გეკა გელაძე

გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. "კამიტის" გამოყენებას, არის სრული აბსურდი. ეს სიცრუეა, - განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ პირადად გაეცნო ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში "კამიტი" არასოდეს შეუსყიდია.

გეკა გელაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, 2024 წლის აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, იყო თუ არა რაიმე სხვა გამოყენებული.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა, ისაუბრა. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში, – განაცხადა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძეს ასევე კითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე, სადაც გომელაურმა აღნიშნა: "ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ "ნაცებმა" კატა გამოთხარეს“.

"ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა – 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერება შესყიდული. გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის "კამიტი", – განუცხადა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, გეკა გელაძის განცხადებით, საქართველოში არასდროს შესყიდულა ნივთიერება "კამიტი" და შეუძლია, ყველა დოკუმენტაცია გადასცეს გამოძიებას.

"რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა და ამაზე რაღაც პროცესები აიგო. კიდევ ერთხელ დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არ არსებობს საქართველოში, არასდროს შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ. კამიტი. ყველა დოკუმენტაცია შემიძლია, გადავცე გამოძიებას. 2009 წელს იყო სხვადასხვა სახის რამდენიმე ნივთიერება შესყიდული და არა "კამიტი", – განაცხადა გეკა გელაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები