03 აგვისტო 2026,   16:25
ვრცლად
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1,131 არალეგალი მიგრანტი გააძევა

საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საპოლიციო ღონისძიებების შედეგად გააძევეს. თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, სომხეთის, ეგვიპტისა და ლიბანის მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აეროპორტამდე მიიყვანეს და საქართველოდან უკან დაბრუნების აკრძალვით გაუშვეს.

განსაკუთრებით მასშტაბურია გასული 11 თვის მაჩვენებელი, რომელიც არალეგალი მიგრანტების გაშიფვრისა და გაძევების ფაქტებს ასახავს. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წლებში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას. საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანობაზე დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში არალეგალური მიგრაციის პრობლემა სრულად მოგვარდება.

კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს.

მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გვერდის ავლით ქვეყანაში მყოფ პირთა გამოვლენას აქტიურად განაგრძობს. მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად და საქართველოში უკანონოდ მყოფი პირების გამოსავლენად საპოლიციო ღონისძიებები უწყვეტად მიმდინარეობს.

სახელმწიფო არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს. ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა, უკვე იდენტიფიცირებული და გაძევებულია.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

დღის ამბები