სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მძიმედ დაჭრილები კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. 3 მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში ჰქონდა მიყენებული. ორი გადარჩა, ერთისთვის კი მუცლის არეში მოხვედრილი ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მოკლულია 55 წლის შალვა ყუბანეიშვილი. დაჭრილები - ირაკლი რუსაძე და ირაკლი გიორგაძე კლინიკაში რჩებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სისხლიანი ანგარიშსწორება ქუთაისში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. მაშინ, როდესაც ყუბანეიშვილი, გიორგაძე და რუსაძე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში იდგნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
მომხდარის დეტალები და დანაშაულის მოტივი "კურიერისთვის" ცნობილია. ირკვევა, რომ თავდამსხმელმა წინასწარ იცოდა სად იყვნენ მისი სამიზნეები, გამსახურდიას ქუჩაზე შეიარაღებული მივიდა, სამივეს დამიზნებით ესროლა და ადგილიდან ე.წ. სქროლით გაიქცა. ანგარიშსწორების მიზეზი შურისძიებაა. დანაშაულის ჩამდენ პირს, თვეების წინ ერთ-ერთ დაჭრილთან ყოფით ნიადაგზე უთანხმოება მოუვიდა.
გუშინ მომხდარი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმე უკვე გახსნილია. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 47 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე აიყვანეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამძებრო და საგანძოებო მოქმედებების დროს, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე სარფის ტერიტორიაზე შეაჩერა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების მედეგ კი, ის ბრალდებულის სახით დააკავა.
"კურიერის" ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის კონსტანტინე მარდალეიშვილია დაკავებული. სავარაუდო ის ქვეყნის დატოვებას სარფის გამშვები პუნქტის გავლით აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო. 47 წლის მამაკაცი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ ყუბანეიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, პოლიციას ამოღებული აქვს და საქმეში მტკიცებულების სახით დევს.