17 აგვისტო 2026,   14:38
ვრცლად
წამოცდენა თუ, წინა გამოცდილების ფონზე, სტრატეგიის შეცვლა - რატომ აღარ წაიკითხეს აქციაზე "მანიფესტი", რომელიც "პრაიმ ტაიმმა" წინასწარ გამოაქვეყნა

ამჯერად აღარ წაიკითხეს - ე.წ. "მანიფესტი", რომელიც ორგანიზატორებს აქციაზე უნდა გამოეცხადებინათ, "პრაიმ ტაიმმა" წინმსწრებად გაავრცელა და დაწერა, რომ ტექსტი ბრიუსელთან შეთანხმდა, ისევე, როგორც აქციის დაანონსების განცხადება.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა წინასწარ შემუშავებული ტექსტის გასაჯაროება თავისი გამოცდილების გათვალისწინებით გადაიფიქრეს. მაშინ ორგანიზატორებმა უცვლელად წაიკითხეს გამოცემის მიერ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული წერილი, რაც, უმრავლესობის თქმით, ერთგვარი ლუსტრაცია აღმოჩნდა, ამიტომ გუშინ გეგმების გადაწყობა მოუხდათ.

სად დაიწერა თავად "მანიფესტი" და რატომ აღარ წაიკითხეს ბრიუსელთან შეთანხმებული ტექსტი? ეს კითხვები ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებთან აქციის დასრულებისთანავე დაისვა. პასუხები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, თუმცა სტანდარტულად - ვერც ადასტურებდნენ და ვერც უარყოფდნენ.

წამოცდენები, რომელიც ადასტურებს, რომ მანიფესტის გამოცხადება ორგანიზატორებს დღის წესრიგში ჰქონდათ - ასე აფასებს მმართველი გუნდი რუსთაველის გამზირზე, გუშინვე გაკეთებულ განცხადებებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში მიუთითებს იმაზეც, რომ ევრობიუროკრატების ხელწერა მედიაში გამოქვეყნებული ტექსტის შინაარსშიც მკაფიოდ იკითხებოდა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, ვისი მითითებით მოქმედებენ და საიდან იღებენ დირექტივებს. ამბობენ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი, თუ რატომ დარჩა ე.წ. "მანიფესტი" მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციად.

"პრაიმ ტაიმის" მიერ მოპოვებული ტექსტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. მასში საუბარია სამ ძირითად მიზანზე - პატიმრების გათავისუფლებაზე, ევროინტეგრაციაზე, არჩევნებსა და ხელისუფლების შეცვლაზე. გამოცემის ცნობით, ე.წ. "მანიფესტს" ხელმომწერებიც უნდა ჰყოლოდა, თუმცა ტექსტს ამჯერად გამხმოვანებლებიც არ აღმოაჩნდათ, განსხვავებით 13 ნოემბრის ბრიფინგისგან.

დღის ამბები