14 აგვისტო 2026,   22:43
ვრცლად
მარაზმშია ეს ყველაფერი გადასული, არ იკმარეს ქსენოფობიური ნარატივი მხოლოდ არაბიზაციის, ახლა უკვე მეჩეთების მშენებლობაზე საუბრობენ. არანაირ მეჩეთებზე არ არის საუბარი - ლევან მაჭავარიანი "იგლ ჰილსის" პროექტზე

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია და პოლიტიკური შეფასებები - ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციაზე, რომლის მოცულობაც 6.5 მილიარდზე მეტია და იმ დადებით ეფექტზე, რასაც ის ქვეყანას მოუტანს. პრემიერის განცხადებით, პროექტი ეკონომიკას 11 მილიარდით გაამდიდრებს. განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, დასრულების შემდეგ კი 8 000-ზე მეტი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ 700-ს მილიონს შეიტანს. 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიასაც. მისი განცხადებით, სახელმწიფო არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას "იგლ ჰილსის" სასარგებლოდ და პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, "იგლ ჰილსთან" დაკავშირებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგეგმება მეჩეთების აშენება და ქვეყნის არაბიზაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"მარაზმში არის ეს ყველაფერი გადასული, არ იკმარეს ქსენოფობიური ნარატივი, მხოლოდ არაბიზაციის, ახლა უკვე რაღაცა მეჩეთების მშენებლობაზე საუბრობენ. არანაირ მეჩეთებზე არ არის საუბარი და არანაირ არაბიზაციაზე. ბატონმა პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ დაახლოებით 16 000 ბინის გაყიდვა იგეგმება ორივე პროექტის ფარგლებში, თბილისსა და გონიოზე მაქვს საუბარი, და მაშინ, როდესაც უცხოელები წელიწადში საშუალოდ ყიდულობენ 15 000 ბინას საქართველოში და არანაირი დემოგრაფიული რისკის წინაშე ჩვენი ქვეყანა არ დამდგარა.

ოპოზიცია, მით უმეტეს, როდესაც "ლელოზე" არის საუბარი, ბიზნესმენები არიან ბატონი ჯაფარიძე და ბატონი ხაზარაძე და მათ ყველაზე კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინვესტიცია საქართველოსთვის, ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, რადგან ეს წარმატება იქნება პირდაპირ ასოცირებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან, მათ ყველანაირად სურთ, რომ ხელი შეეშალოს ასეთი ინვესტიციის ჩადებას საქართველოში და რაღაც აბსურდულ რიტორიკაზე არიან გადასულები. მგონია, რომ თვითონაც თავს უხერხულ მდგომარეობაში გრძნობენ, როდესაც ასეთ თემებზე საუბრობენ. მათ ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებები არ საჯაროვდება.

ეს არის ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ქვეყნებში ინვესტიციით შესვლას. შესაბამისად, არის რაღაც დეტალები, რომელიც მას არ აწყობს, რომ იყოს გასაჯაროებული იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი სივრცე დარჩეს შემდგომ მოსალაპარაკებლად დანარჩენი ქვეყნების მთავრობებთან, როდესაც გადაწყვეტს კონკრეტულად რომელიღაც ქვეყანაში კიდევ ინვესტიციის გაკეთებას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები