ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში - ეს გადაწყვეტილება დღეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო.
სასამართლომ იმსჯელა პოლონეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არ აღიარა საკუთარი ქვეყნის ორი მოქალაქის მიერ გერმანიაში გაფორმებული ქორწინება და დაადგინა, რომ ვარშავას გადაწყვეტილება არასწორია. უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეს თავისუფლებას არღვევს.
ერთნაირსქესიანთა შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებების თემაა თბილისში. იზიარებენ და ეთანხმებიან თუ არა ამ გადაწყვეტილებას - კითხვაზე ოპოზიციის ნაწილი პასუხს თავს არიდებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და ევროკავშირში ერთნაირსქესიანთა დაკანონების ვალდებულებამდე მივიდნენ.
"ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნელ-ნელა, ძალიან მალე დადგეს დღის წესრიგში საკითხი იმდაგვარად, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვალდებულებაც ჰქონდეთ ერთგვარი, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აღიარონ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.
ფაქტია, რომ პოლონეთის მაგალითზე ამან გარკვეული კითხვები გააჩინა, თუმცა საერთო ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადრე თუ გვიან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება ამ სახელმწიფოების მიერ სავალდებულო გახდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.