23 აგვისტო 2026,   08:21
ვრცლად
საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი - ბატონი რუტე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე ათჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი - შალვა პაპუაშვილი

წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გაგრძელებად აფასებს მმართველი გუნდი ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას. მარკ რუტემ თქვა, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება.დასმული კითხვის პასუხად, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მან განაცხადა, რომ ევროატლანტიკურ  სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც წევრობა სურს, შეუძლია, სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება.

უმრავლესობის შეფასებით, საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ალიანსის მიზანი არა ქვეყნის დაცვა, არამედ საკუთარი ინტერესები იყო. აქცენტი კეთდება "დიფ სთეითის" გავლენებსა და უკრაინული სცენარის საქართველოში გადმოტანის მცდელობებზე.

"2008 წელს რომ თქვეს, კარები ღია არისო, გავიდა იმის შემდეგ 17 წელი, საქართველომ გააკეთა ყველაფერი, გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ დაახლოების თვალსაზრისით და ისე პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლით ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ.

ბატონი რუტე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე ათჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და ჩვენთან კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი. საქართველოს არათუ სურვილი აქვს გამოთქმული, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი, თუმცა ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს, რომ საქართველო იქნება ეს, უკრაინა თუ სხვა ასეთი ქვეყანა, ჰყავდეს რაღაც ლიმბოში, არც იქით, არც აქეთ, შუაში გაჭედილი, რაც სინამდვილეში უფრო ზრდის ჩვენი უსაფრთხოების რისკებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები