16 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
კოლხური ხოხობი, კაკაბი და გნოლი - სოფელ ჭორვილაში ქართული უნიკალური სახეობების გადარჩენის მიზნით შექმნილ აგრო-კომპლექსში, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების გამრავლებაზე ზრუნავენ

ეს ბუნების ზეიმია, იქ სადაც ენდემური ჯიშის ფრინველის ფრთების ხმა დიდი ხანია არ გაგონილა, ახლა ხმამაღლა ისმის. გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი, კაკაბი და გნოლი ბუნებრივ გარემოში ბრუნდებიან. ზოგი გაფრენისთანავე გრძნობს თავისუფლებას, ზოგსაც უჭირს ადაპტაცია და მაღლა ფრენას ისევ დაბლა ამჯობინებს, მაგრამ ბოლოს, ადრე თუ გვიან, მაინც ყველა ერწყმის ბუნებას.

ველური ფრინველის საინტერესო არსებობას საფრთხე ადამიანმა შეუქმნა: არაკეთილსინდისიერმა ნადირობამ და ბრაკონიერობამ, გარემოს გაუფრთხილებლობამ. ბუნების ბალანსის აღდგენ კი ისევ ადამიანს მოუწია. 

საუბარია ჭორვილას აგროკომპლექსზე. აქ გამოჩეკილი და დაფრთიანებული ველური ფრინველი უკვე ბინადრობს დედაქალაქში, ქართლში, კახეთში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში.

საწარმომ მოაშენა ყველაზე მეტი კაკაბი - მონოგამი ფრინველი, რომელიც გუნდურად ცხოვრობს, თუმცა მეწყვილეს ერთგულია. ამ ჯიშის პოპულაცია ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ინკუბატორის პრინციპით მათი გამრავლება ყველაზე მარტივი აღმოჩნდა.

კაკაბთან შედარებით სირთულე მეტი შეხვდათ ხოხბებთან - მთავარი სირთულე ხოხბის ხასიათში არსებული კანიბალიზმია, როცა დაკეტილ სივრცეში ერთმანეთის დაზიანებას იწყებენ, მაგრამ ამის პრევენციისთვის საშენში ხოხბები ნისკარტზე პლასტმასის დამცავით ცხოვრობენ. ხოხობი დედალი და ხოხობი მამალი ვიზუალურად ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან.

კიდევ ერთი ენდემური სახეობა, რომლის მოშენებაც აქ აქტიურად ხდება, არის გნოლი. ველური ბუნებისთვის უკვე კარგად შემზადებულ ფრინველს უკვე მრავლად აბრუნებენ წინასწარ შერჩეულ ბუნებრივ ჰაბიტატზე.

ფრინველს საშენში განსაკუთრებული მოვლა აქვს, რაც იწყება ჯერ კვერცხზე ზრუნვით აგრეგატში, შემდეგ გამოჩეკვის პროცესით, შემდეგ გაზრდით, ბუნებრივი საკვებით უზრუნველყოფით და ბოლოს ველურ ბუნებასთან მიახლოებით. აქ მათ ანტისტრესზეც ზრუნავენ.

ველურ ბუნებასთან შერწყმის სტრესი, ამ საწარმოში მოშენებულმა ჯერ მხოლოდ ხოხობმა, კაკაბმა და გნოლმა განიცადა, თუმცა პარალელურად მოშენების პროგრამაში არიან კავკასიონზე მობინადრე შურთხები და ბუნებით ძალიან ფრთხილი დურაჯები. მათი გამრავლება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა და ველურ ბუნებაში გაშვებამდე სპეციალისტებს რამდენიმე წლიანი მუშაობა დასჭირდებათ.

მანამდე კი ბუნებრივ ფლორას მრავლად დაუბრუნდებიან ფაუნის ისეთი სახეობები, როგორებიც არიან კოლხური ხოხობი, კაკაბი და გნოლი.

დღის ამბები