აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის შტატ იუტას ეწვია.
საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა იუტას შტატის სენატის სპიკერ სტიუარტ ადამსთან, შტატის ვიცე-გუბერნატორ დეიდრე ჰენდერსონთან, აშშ-ის ყოფილ სენატორ გორდონ სმიტთან, იუტას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გენერალურ დირექტორ ჯონათან ფრიმენთან და სტირლინგის ფონდის პრეზიდენტთან,დევიდ სტირლინგთან. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა საქართველოს დელეგაციას. დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა შტატის კერძო, რელიგიური და კულტურის სფეროების საპატიო წარმომადგენლებთან. გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და რეგიონში დაკავშირებადობისთვის საქართველოს გამორჩეულ გეო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლზე. შეხვედრებზე აღინიშნა იუტას შტატის განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების მიმართულებით. მხარეებმა გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მზაობა.
ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო დარგის განვითარების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი ინიციატივების ხელშეწყობისათვის გაიმართა შეხვედრები იუტას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ ჯეისონ პერისთან, ამავე უნივერსიტეტის და ვებერის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯის ხელმძღვანელებთან და იუტას პროფესიული ლიცენზირების დეპარტამენტთან.
გამართულ შეხვედრებზე მასპინძელმა მხარემ საქართველოს დელეგაციას გააცნო საერთაშორისო მასშტაბით დანერგილი წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ სამედიცინო პროფესიების რეგულირების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები როგორც განათლების, ისე ჯანდაცვის სფეროში საქართველოში მიმდინარე აქტიური რეფორმების კონტექსტში.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანიშვილი და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ჯავარა უგრეხელიძე.