"ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც - ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი," - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.
"ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყუო საზოგადოება და დამალო სიმართლე. სულ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, სადაც უარი თქვა საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების შეფასებაზე. სინამდვილეში, [ეს ანგარიში] არ ასახავს იმ რეალურ სურათს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზე; სულ რამდენიმე დღის შემდგომ აქვეყნებს პროგნოზებს, თუ როგორი არის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, სადაც სულ სხვა სურათი იხატება და ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც, - ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი, იმიტომ რომ სწორედ ეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება, უკრაინის და მოლდოვის კი - 1,6%. ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს.