3 მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, საერთო ჯამში - 35,5 მილიარდი ლარი, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ოდენობით, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 110,5 მილიარდი, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 10 900 დოლარი, დეფიციტი მშპ-ის 2,5 %, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35 % - სწორედ ამ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეა დაგეგმილი მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
სოციალური საკითხები, კონკრეტულად კი სკოლისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ხელფასების ზრდა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც უმრავლესობის დეპუტატებმა კითხვები ფინანსთა მინისტრს დაუსვეს.
სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.
2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით: ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება 800 მლნ ლარზე მეტით იზრდება. განათლების და მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილია 3,4 მლრდ ლარი, აქედან - საჯარო სკოლების დაფინანსებაზე 1,7 მლრდ ლარი დაიხარჯება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 500 მლნ ლარზე მეტი, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე კი 110 მლნ ლარი. თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის 7,6 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი.
საკანონმდებლო ორგანოში, მომდევნო წლის ბიუჯეტს საბოლოოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაამტკიცებენ.