"მარიხუანას" სათბური 40 წლის კაცს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მიწის სიღრმეში, სპეციალურ სივრცეში ჰქონდა მოწყობილი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პოლიციამ შუახნის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველებმა მისი სახლიდან 283 ძირი კანაფი, 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულის ვინაობა "კურიერმა" გაარკვია, ის რატი რატიანია. სამართალდამცველებმა 40 წლის კაცი დანაშაულის ადგილზე, ჭიაურელის 39 ნომერში მდებარე სახლში აიყვანეს. ჩატარებული სპეცოპერაციის ფაქტს "კურიერთან" რატიანის მეზობლები ადასტურებენ, თუმცა ნარკოდანაშაულის საქმეზე ღიად საუბარი არ სურთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს ბათუმშიც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი," "ალფა-პვპ," "მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" სამართალდამცავებმა სხვადასხვა ადგილას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 7 პირი დააკავა.
საკონტროლო შესყიდვის ამსახველი ეს კადრები ნარკოდანაშაულის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ფარულ ვიდეო მასალაში ჩანს აზერბაიჯანის მოქალაქე ალი ბაშიროვი, რომელიც მომხმარებელს ნარკოტიკებს ხელიდან ხელში გადასცემს, შემდეგ კი მოთხოვნილ თანხას იღებს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კიდევე ერთი პირის ვინაობა "კურიერმა" გაარკვია. ის უკრაინის მოქალაქე დმიტრო დევიდოვია. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა და სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას მალავდა.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იყვნენ მობილიზებული.
დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში არიან. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი