22 აგვისტო 2026,   15:42
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ CCTV-თან, გადაცემაში - Leaders Talk

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუ CCTV-თან, გადაცემაში Leaders Talk:

ჟურნალისტი: ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენც ვიყავით საქართველოს გამოფენაზე და ვიტყოდი, რომ ეს საკმაოდ შთამბეჭდავი გამოცდილება იყო, რადგან იქვე, სტენდზე, წარმოდგენილია ქვეყნის განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზე, მეღვინეობის 1000-წლიანი ისტორია და ა.შ. რა ტიპის განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებსა და წარმოების მიმართულებებს ისურვებდით წარმოგედგინათ ამ შესანიშნავი შესაძლებლობის გამოყენებით ჩინელი მომხმარებლებისთვის?

პრემიერი: ჩვენ ვცდილობთ, დამთვალიერებელს ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ცნობილია სხვადასხვა სახის პროდუქციით და მათ შორის ღვინო ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში და გვიხარია, რომ ღვინის ექსპორტი ჩინეთშიც იზრდება. საქართველო ღვინის აკვანია. პირველად, ღვინო საქართველოში 8000 წლის წინ დაამზადეს. ასე რომ, დამთვალიერებელს საქართველოს ამ სიამაყეს წარმოვუდგენთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ულამაზესი ლანდშაფტებითა და ბუნებით. გვიხარია, რომ ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში იზრდება. ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის. ვფიქრობთ, მეტი პირდაპირი ფრენა უკეთესად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის ურთიერთობებს. ასე რომ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება მაჩვენებლები ყველა სხვადასხვა სფეროში, როდესაც საქმე იმპორტსა და ექსპორტს ეხება. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა, ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც გამოვიყენოთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ჟურნალისტი: საქართველო ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივას და ამ ინიციატივის ნაყოფი სხვადასხვა სფეროში უკვე გამოიხატა. გასულ წელს ჩინური კომპანიების მიერ აშენებული გვირაბი ვადაზე ადრე დასრულდა და თქვენც ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ გვირაბმა არა მხოლოდ მოაგვარა სეზონური მოძრაობის შეფერხებები, რომელიც ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყნის კავშირგაბმულობა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეიტანა „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობამ ქვეყნის განვითარებაში?

პრემიერი: მე ვფიქრობ, რომ გავლენა არსებითია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძლიერი როლი ვითამაშოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. ასევე, ამ კონტექსტში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ამისთვის დიდ ინვესტიციებს ვდებთ, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს ინფრასტრუქტურას. დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „შუა დერეფნის“ ინიციატივას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შუა დერეფნის, ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების იდეის ერთგულნი ვრჩებით. საქართველო კი ჩვენს გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავალშიც შეუძლია ძალიან დადებითი როლი ითამაშოს თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

ჟურნალისტი: ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ის, რომ გუშინ ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე, თქვენ ადგილზე იმყოფებოდით და ესწრებოდით მის ხელმოწერას. თქვენი აზრით, რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ეს განახლებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისთვის, არამედ ევრაზიის მასშტაბით ეკონომიკური კავშირებისთვისაც?

პრემიერი: 2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არსებითად წინ წავწიეთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან და ციფრები შთამბეჭდავია, ზრდა არის მართლაც თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. ჩვენ გვსურს ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ხოლო წელს, თუ პირველ სამ კვარტალს ავიღებთ, 7.7%-ია. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვვითარდებით და ამ სწრაფი განვითარებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ. არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა. საქართველო ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. ჩვენ ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის.

ჟურნალისტი: საქართველომ ასევე ოთხი წლით შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, მთავარ მიზეზად კი შანტაჟი და მანიპულირება დაასახელა. შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიამბოთ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევის შესახებ, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ?

პრემიერი: ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს. 2022 წელს ჩვენ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შევიტანეთ და ჩვენი განაცხადი უარყოფილ იქნა. კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობები შექმნა საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა.

ჟურნალისტი: საქართველოს მთავრობამ ამჟამად დაიწყო 2026 წლიდან 2035 წლამდე ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარებას ამ ვადებში. თქვენ მიუთითეთ, რომ ეს მომავალი საქმიანობისთვის მაღალი ხარისხის გზამკვლევის შექმნის დასაწყისი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გამჟღავნდება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეგიძლიათ ზოგადად გვიამბოთ რამდენიმე ძირითადი რეფორმისა და პრიორიტეტის შესახებ, რომლებიც ამ 10-წლიან პერსპექტივაში იქნება გათვალისწინებული?

პრემიერი: დიახ, ჩვენ დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ის ასევე მოიცავს სოციალურ სფეროებსა და სოციალურ რეფორმებს. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტი წარედგინება საქართველოს საზოგადოებას და ვფიქრობ, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის. სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული როლის გაძლიერება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს საქართველოს ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს სხვადასხვა სექტორი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ეკონომიკური პროგრესისთვის. განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ინვესტიციები განხორციელდება, რადგან ვფიქრობთ, რომ განათლებულ თაობებს შეუძლიათ, საუკეთესოდ შეუწყონ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

დღის ამბები