მანიპულაციაა პარლამენტის თავმჯდომარისთვის 6 სენატორისა და კონგრესმენის მიერ მომზადებული იმ წერილის შინაარსი, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს.
ისინი მარკო რუბიოს მოუწოდებენ საქართველოს ოფიციალური პირებისგან მიიღოს გარანტიები, რომ USAID-ის საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და ამერიკის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი ცილისწამების მსხვერპლი არ იქნებიან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების დამახინჯებული შინაარსით გავრცელება ტყუილზე აგებული პოლიტიკური აქტია. რეალურად კი ბანგკოკიდან ენჯეოებისთვის გადმორიცხულ თანხებს, ასევე ბანგკოკიდან USAID-ის თანამშრომლებისთვის საპენსიო ანაზღაურებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და ეს შტატებშიც კარგად ესმით.
ამერიკელი კონგრესმენების წერილის შემდეგ "კურიერმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული კითხვებით მიმართა. უწყების პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ წერილში ფაქტობრივი უზუსტობაა და 1 ოქტომბერს, ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მამუკა მდინარაძეს რომელიმე ადამიანის საპენსიო ანაზღაურებაზე არ უსაუბრია. უწყების ხელმძღვანელმა აქცენტი სასწავლო თუ სხვა მიზნობრიობით გადმორიცხულ თანხებზე გააკეთა, რომლითაც აქციების დაფინანსება ხდება.
ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია პრემიერ-მინისტრსაც. მმართველი გუნდის ლიდერები პოლიტიკურ სპეკულაციაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არავის ადანაშაულებდა USAID-ის საპენსიო თანხებით რადიკალიზაციის წახალისებაში. თუმცა, სულ სხვა საკითხია კონკრეტული ორგანიზაციებისთვის და პროექტებისთვის ჩარიცხული ფინანსების მიზნობრიობა.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საქმიანობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეწყვიტა. ითქვა, რომ ამერიკის უცხოური დახმარება შეზღუდული, მიზნობრივი და რაც მთავარია შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა საეჭვო არასდროს ყოფილა და ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილის მიმართვას სრულად იზიარებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეუძლებელია აშშ-ის ხელისუფლებამ არ იცოდეს - რაზე საუბრობდა სუს-ის ხელმძღვანელი.
ახლა კი, სიცრუის ტირაჟირებით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის წერილზე ისაუბრა დღეს საგარეო მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიმართვები ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დაძაბვას ემსახურება.
"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ წერილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 6 სენატორისა და კონგრესმენის ავტორობით მომზადდა, რეალურად ლობიზმის შედეგიც აღმოჩნდეს.