საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული ევრობიუროკრატების გზავნილები მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების მიღმა ამოიკითხა, რომელიც არაერთ დანაშაულებრივ საქმეში ბრალდებულმა და მრავალგზის მსჯავრდებულმა პატიმარმა "ვივამედის" კლინიკიდან გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ბრიუსელიდან ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს წარსულშიც ასრულებდა და ამ საქმიანობას ახლაც წარმატებით განაგრძობს.
ვრცელი მუქარის შემცველი განცხადება ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სააკაშვილის აღქმით, საქართველო ახლა ორ ნაწილად არის გაყოფილი, სადაც უმრავლესობა მხარს ოპოზიციას უჭერს. თუმცა, მსჯავრდებული არაფერს ამბობს მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც მმართველ გუნდს ნდობა მილიონ ორასი ათასზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა, ხოლო თავად სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" რიგით მესამე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მოწინააღმდეგეები საქართველოში ვეღარ იცხოვრებენ.
ვირტუალურ რეალობას, რომელიც "ვივამედის" პალატიდან ჩანს, სრულად ემხრობიან მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიც.
პატიმარი სააკაშვილის განცხადება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მედიასთან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა. მთავარსარდალმა ნაციონალური მოძრაობისა და მათი ლიდერის აზროვნება ფაშიზმთან გააიგივა და მათ მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი სხვა დანაშაულები გაიხსენა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ემიჯნებიან "ლელოსა" და გახარიას პარტიაში. ოპოზიციის ამ ფლანგში მიიჩნევენ, რომ ერის გაყოფასა და პოლარიზაციას თავად ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები იწვევს.
ექსპრეზიდენტის მუქარის შემცველი განცხადება უკვე შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი უცვლელია და ის ამჯერად, მისი მოწინააღმდეგეების დაშინებას ძალადობრივი განცხადებების საშუალებით ცდილობს.
უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში არაჟნის კონტეინერში მოწყობილი ფარული სამალავის საშუალებით დაბრუნდა, ის სხვადასხვა დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო თბილისში დააკავეს. გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ ექსპრეზიდენტს 4 საქმეზე უკვე გამოუტანა.