15 აგვისტო 2026,   13:41
ვრცლად
ევროპარლამენტარი ირჰილდ ბოსდორფი, ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და იმ მიზეზზე საუბრობს, რატომ გამოუცხადა საქართველომ ევრონესტს ბოიკოტი

ევროპარლამენტარი ირჰილდ ბოსდორფი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრი იმ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ გამოუცხადა საქართველომ ევრონესტს ბოიკოტი - მისი თქმით, ქართული დელეგაციის უარის საფუძველი, სესიაზე იმ მემარცხენე-ლიბერალური ენჯეოების მიწვევა გახდა, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდებიან.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთია და არა ერთადერთი იმ პროვოკაციებიდან, რომელიც მმართველ გუნდს ევროპარლამენტის მხრიდან ახსოვს. სახელისუფლებო გუნდისთვის, უკვე მიღებული რეზოლუციები, უსაფუძვლო კრიტიკა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობა, კონკრეტული ევროპარლამენტარების რეალურ მიზნებს ამხელს.

საქართველო პირველი არ არის, ვინც ევრონესტში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა, 2015 წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანმაც დატოვა, იქამდე იყო ბელორუსი, ამის მიუხედავად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პლატფორმის გამოყენებაზე საქართველოს უარი არ უნდა ეთქვა.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და უსაფუძვლო მიდგომა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევრონესტის სესიაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ენჯეოების სახელით მიწვევამ, პოლიტიკური ფასი დაკარგა.

ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ იმ ღონისძიებაში მონაწილეობაზე თქვა უარი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ, რადიკალური ოპოზიცია იყო წარმოდგენილი.

ევრონესტის მეთორმეტე სესია წელს პირველად ერევანში ჩატარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციის მიზნით დაფუძნებული საპარლამენტო ფორმატი უკვე 14 წელია ფუნქციონირებს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები