15 აგვისტო 2026,   18:42
ვრცლად
მჭედლობა, უძველესი პროფესია, რომელიც ტექნოლოგიებში დიდწილად დაიკარგა - "კურიერი P.S" თანამედროვე ოსტატებს გაგაცნობთ, რომლებმაც ძველი ტექნიკის შესწავლას 12 წელი მოანდომეს

ცეცხლი, ფოლადი და ფიზიკური ძალა - მათი სწორი სინთეზით იქმნება ხელოვნება. მჭედელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესია. სწორედ მჭედელი ქმნიდა ფოლადისგან ნაკეთობებს, რომლის გარეშე ვერც გლეხი იმუშავებდა, ვერც მშენებელი და ვერც მეომარი. დროთა განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პროფესია გააქრო, თუმცა საქართველოში დღემდე არსებობენ ოსტატები, რომლებიც მივიწყებული ხელსაქმის გაცოცხლებას ცდილობენ.

​მიწანარევ იატაკზე, გადმოცვენილი ნაკვერჩხლის წვიმის მიღმა, ღუმელში ფოლადი გიზგიზებს. ჭვარტლით დაფარულ სახელოსნოს ორი მთავარი გმირი ჰყავს ზაქრო და ზაქარია. მტერზე გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ქართული იარაღის დამზადების რეცეპტი ისტორიული წყაროებიდან ამოკრიფეს, დამზადების ტექნიკა ხალიბებისგან.

იმისთვის, რომ მარტივი მეტალი საჭირო ნივთად იქცეს, ქვიშა და ხის ნახშირი რამდენიმე საათით ღუმელში თავსდება. გამქრალი ტექნოლოგიის აღდგენას 12 წელი დასჭირდა. ყველა ცნობას დეტალურად სწავლობდნენ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს იკვლევდნენ, პროპორციების დადგენა, ერთგვარი ბარიერი აღმოჩნდა.

გავარვარებული ფოლადი სამჭედლოში უროთი დამუშავდება. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი არაფერი შეცვალა, მთავარი იარაღი ხელია და, რა თქმა უნდა, განწყობა.

მათ საქმეში მოთმინება, ფიზიკური შრომაა მნიშვნელოვანი, როცა რაღაც არ გამოგდის უნდა დაისვენო მერე თავიდან იწყებ. ორივე თვითნასაწავლია, უღალატოდ მიყვებიან ამ გზას.

ზაქარიამ ტექნიკას თვითონ მიაგნო, ბევრი წარმატებული და წარუმატებელი ექსპერიმენტით, ასე ხდება როცა გზამკვლევი არ გყავს, ბალანსს თავად იცავ. მჭედლობით მოიწამლა. უკვე იცოდა, რომ ცეცხლთან თამაში იქნებოდა საქმე, პროფესია და ცოტა მეტიც.

მასწავლებლის გარეშე დარჩენილი თავად გახდა სხვების მასწავლებელი. უსასყიდლოდ გაცემული ცოდნის მადლობა შეგირდების ნამუშევრებია.

იქამდე, სანამ ოსტატს ერთი შეგირდი მაინც ჰყავს, ხელობა არ დაიკარგება. ტექნოლოგია აღდგა, გადარჩა. მოსწავლეები და მასწავლებლები სახელოსნოში საათობით შეიკეტებიან, სანამ ფოლადისგან ახალი, ეთნოკულტურული ძეგლი გამოიწრთობა.

დღის ამბები