"კურიერი P.S-თვის" ქვეყნის მთავარი ექსპერტიზის ბიუროს ლაბორატორიების კარი გაიღო. აქ ზუსტდება ყველაფერი, რაც დანაშაულის დასამტკიცებლად გამოძიებას სჭირდება.
სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპი, უკვე მზად არის გამოძიების შეკითხვებს მაქსიმალური სიზუსტით უპასუხოს. ეს მოწყობილობა ექსპერტიზის ბიუროსთვის სიახლეა.
ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა - აქ იარაღს, ტყვიებსა, მასრებს, ცივ იარაღებს და სხვადასხვა ბლაგვ საგნებს სწავლობენ. იკვლევენ სროლის შედეგად დაზიანებულ ნივთებსაც. ახალი ხელსაწყოები პასუხობს გამოძიების შეკითხვას, რომელი იარაღიდან გაისროლა სავარაუდო დამნაშავემ. აქ მომზადებული დასკვნებით ბრალდებულების ბედი წყდება.
ლაბორატორიაში 30 წლიანი სტაჟის მქონე და ახალგაზრდა ექსპერტები ერთად მუშაობენ.
ამ ლაბორატორიაში განახლებული ტექნიკით ქსოვილის ბოჭკოებს იკვლევენ - მაგალითად იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა შემხებლობა ერთმანეთთან მოძალადისა და მსხვერპლის ტანსაცმელს.
ამ სივრცეში შენადნობებს სწავლობენ - ზომავენ ნახშირბად-გოგირდის შემცველობას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაგალითად სამშენებლო მასალების ხარისხის დასადგენად.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დატვირთვის სივრცეა.
თითის კვალის აღების შემდეგ, მას გამოძიების ფიგურანტი პირების ანაბეჭდთან ადარებენ. თუ აქამდე ეს კვლევა ქიმიური ფხვნილის მეშვეობით ხდებოდა და კუპიურაზე კვალი ბევრად რთული აღმოსაჩენი იყო, ამ ფუნქციას უახლესი დანადგარი ასრულებს.
"კურიერი P.S-ის" კამერამ დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიაც გადაიღო. გაყალბებული ფულის კუპიურა, მართვის ან პირადობის მოწმობა - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სამხარაულის ბიუროში უკვე არსებობს მსოფლიოში საუკეთესო აპარატი, რომელსაც ნებისმიერი დოკუმენტის სიყალბის დადგენა შეუძლია.
ჩვენი კამერა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში ინაცვლებს. ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების ბიოლოგიურ მასალაში სპეციალისტები ტოქსიკურ ნივთიერებებს ეძებენ. უნიკალურ ხელსაწყოებს მსოფლიოში არსებული ნახევარ მილიონამდე ნივთიერების სახეობის ბაზა აქვს და უცნობი ქიმიკატის გაშიფვრაც შეუძლია.
აქ არაერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ნარკოტიკი გახდა.
სამედიცინო დეპარტამენტში, ექსპერტებს, ალბათ, ყველაზე რთული ამოცანა აქვთ - მათ შორის, გვამის კვეთა და გარდაცვალების მიზეზის კვლევა. ამ სივრცეში მოხდა 90-იანი წლების, ასევე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაკარგული და დაღუპული პირების იდენტიფიცირება - შედეგად ასობით ოჯახმა ახლობლის საფლავები დაიბრუნა.
იდენტიფიკაციის პროცესში ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ აქ არის დნმ-ის მონაცემთა ბაზა. ამ დეპარტამენტს არაერთი ფუნქცია აქვს. აქ უკვე მემკვიდრული დაავადებების კვლევა ხდება, მათ შორის, თრომბოფილიის.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2007 წელს შეიქმნა და 21 წლიანი მუშაობის შედეგად, ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა.