01 სექტემბერი 2026,   12:22
ვრცლად
გერმანიის მთავრობის პასუხი - მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ფედერალური მთავრობის პოზიცია საქართველოში მათივე დიპლომატის საქმიანობასთან დაკავშირებით მეტ კითხვას აჩენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დამაჯერებლობა მისივე გერმანელი კოლეგების პასუხებს აკლია. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ფედერალური მთავრობის პოზიცია საქართველოში მათივე დიპლომატის საქმიანობასთან დაკავშირებით მეტ კითხვას აჩენს და საკითხს უფრო ბუნდოვანს ხდის.

საქართველოში გერმანელი დიპლომატის საქმიანობაზე ინფორმაცია ფედერალურ მთავრობას ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მოსთხოვა. პოლიტიკური ძალის წევრებს აინტერესებდათ, ხვდებოდა თუ არა პეტერ ფიშერი არჩევნებამდე ოპოზიციონერ ლიდერებს და რა შინაარსის იყო კომუნიკაცია. შეხვედრას გერმანიის მთავრობა ადასტურებს, თუმცა კონფიდენციალურობის არგუმენტით დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ. ერთ-ერთი პარტია, რომელსაც გერმანელი დიპლომატი შეხვდა, "გახარია საქართველოსთვისაა". ანა ბუჩუკურსა და პეტერ ფიშერს შორის შეხვედრას გახარიას გუნდში ადასტურებენ.

გერმანიის მთავრობის მხრიდან ინფორმაციის არასრულად გამოქვეყნებას პრემიერ-მინისტრი ევროპული ბიუროკრატიის პრობლემად მიიჩნევს.

ოპოზიციასთან შეხვედრების გარდა, ბუნდესტაგის ოპოზიციონერ წევრებს ისიც აინტერესებდათ, რა კომერციული ურთიერთობა აქვს გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძესთან. მაგალითად, ქირაობს თუ არა პეტერ ფიშერი ხაზარაძისგან სახლს? დეპუტატებს უპასუხეს, რომ არა, თუმცა გერმანიის მთავრობას არ დაუკონკრეტებია, რომ სწორედ ხაზარაძის მეუღლისაა ქონება, სადაც ელჩი ცხოვრობს. ამაზე საუბარს დღეს "ლელოში" თავი აარიდეს.

"რუსთავი2"-მა ჯერ კიდევ 3 თვის წინ გამოიკვლია, რომ ყავლაშვილის ქუჩაზე არსებულ 300 კვადრატულ საცხოვრებელ ფართს გერმანიის ელჩი სწორედ ხაზარაძის ცოლისგან ქირაობს. საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ძველ თბილისში მდებარე უძრავი ქონება 2022 წლამდე მამუკა ხაზარაძის საკუთრება იყო, 3 წლის წინ კი "ლელოს"ლიდერმა ის ჩუქების ხელშეკრულებით მისივე მეუღლეს, ირინა ხაზარაძეს გადაუფორმა. ხაზარაძის გუნდის წევრები დღეს მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ქონება პირადად მათი ლიდერის საკუთრება არაა.

ელჩის მხრიდან დიპლომატიური ეტიკეტის არაერთგზის დარღვევაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების განცხადებით, საინტერესო მათთვის ახლა ისაა, რატომ დუმს ამ ყველაფერზე გერმანიის მთავრობა.

გერმანიის მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, მმართველ პარტიას რჩება განცდა, რომ ელჩი ფიშერი ვენის კონვენციას შესაძლოა კონკრეტული მითითებებითაც კი არღვევდა.

დღის ამბები