88 დეპუტატის ხელმოწერილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში ჩაბარებულია. შემდეგი ეტაპი დოკუმენტის წარმოებაში მიღებაა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება 9 თვიანი ვადის ათვლა - "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის" და "ლელოს" აკრძალვის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. სარჩელის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური ძალების ანტიკონსტიტუციური ქმედებების დადგენა არ გაუჭირდება. მთავარ არგუმენტად კონსტიტუციის 23-ე მუხლი მოჰყავთ, რაც დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პარტიების საქმიანობას, რომელთა მიზანიც კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის პროპაგანდა და შუღლის გაღვივებაა.
"ნაციონალური მოძრაობაც" და აკრძალვის მოლოდინში მყოფი სხვა პარტიები, სარჩელის სამართლებრივ დეტალებში არ შედიან. გადაწყვეტილებაში ისინი მხოლოდ პოლიტიკურ მდგენელს ხედავენ და აქტიურად მუშაობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
სწორედ ჯანსაღი ოპონირებისა და პოლიტიკური სპექტრის დერადიკალიზაციის მიზნით ხსნის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რა არის გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივი და სამართლებრივი საფუძველი. ისაუბრა იმაზეც, რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო ასაკრძალი პარტიების სიაში და რატომ არ შეეხო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას..
გახარიას პარტიაში ერთი მხრივ აღიარებენ, რომ ცდილობდნენ უმრავლესობისთვის არ მიეცათ მიზეზი სარჩელში მოსახვედრად, მეორე მხრივ კი აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლა მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი იყო, განსხვავებით იმ პარტიებისგან, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ.
კონკრეტული პარტიების აკრძალვა რომ სახელმწიფოსთვის ობიექტური საჭიროებაა და არა მმართველი პარტიის სუბიექტური ინტერესი, ამაზე პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ასაკრძალი პოლიტიკური ძალები საკუთარი ანტიკონსტიტუციური ქმედებებით - პოლარიზაციის გაღვივებით და არჩევნების საბოტაჟით, აფერხებენ ქვეყნის განვითარებას
ე.წ. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომლის შესრულებაც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნით დაიწყო. სწორედ კომისიის 450 გვერდიან დასკვნას ეფუძნება დოკუმენტი, რომელიც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია.