სამი ოპოზიციური ძალის - "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს, "ლელოში" ეხმაურებიან. ვახტანგ სურგულაძის შეფასებით, ხელისუფლება ებრძვის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მას სერიოზულ ოპონირებას უწევს.
"ვერაფრით ვერ მოგვიშორეს. ვერც წყლით, ვერც აირებით, ვერც ჯარიმებით, ვერც ლიდერების დაჭერებით. ამანაც არ იმუშავა და მოდი ავკრძალოთ ის ძალა, რომელმაც შეიძლება სერიოზული ოპონირება გაგვიწიოს. ჩვენ, "ძლიერი საქართველო - ლელო" ვართ ზუსტად ის ძალა, რომლისაც ეშინია ამ ე.წ. ხელისუფლებას," - განაცხადა თბილისის საკრებულოს და "ძლიერი საქართველო-ლელოს" წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ.
"ქართული ოცნების" სარჩელი უკვე მზადაა. სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მმართველი პარტია დღეს მიმართავს. სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა პარლამენტმა უკვე დაადასტურა, რითაც 88 დეპუტატს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება ოფიციალურად მიეცა. "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო - ძლიერი საქართველოს" არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს.