საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების მიზნით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. გეგმებზე "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უახლოეს მომავალში ჩატარდება, რის შემდეგაც უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ.
როგორ უნდა მოიპოვოს საქართველომ ნეიტრალური სტატუსი - "ერთიან ნეიტრალურ საქართველოში" ამბობენ, რომ სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვთ.
როგორ ოპონირებას გაუწევს ახალი პოლიტიკური პარტია მმართველ გუნდს - სახელისუფლებო ძალაში ფიქრობენ, რომ ამას დრო აჩვენებს. ოპოზიციის ნაწილი კი ახალი პარტიის გამოჩენას სკეპტიკურად უყურებს.
საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრები. მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ხედვებს შესთავაზებენ. ამბობენ, რომ პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება გარე ზეწოლის, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და ოპოზიციის საქმიანობის ფონზე მიიღეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" 1 წლის წინ დაფუძნდა. უახლოეს მომავალში კი, საზოგადოება, მათ უკვე პოლიტიკურ ველზე იხილავს.