21 ივნისი 2026,   15:43
ვრცლად
შეტაკება პოლიციისა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის - რიო დე ჟანეირო დაპირისპირების დაწყებიდან მალევე ქალაქის ქუჩებში ათობით ადამიანის ცხედარი გამოიტანეს

რიო დე ჟანეირო, დილის ოთხი საათი - პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ოპერაცია "კონტენსონი" დაიწყეს. 2 500 ძალოვანი, ასობით ჩხრეკის და დაკავების ორდერის საფუძველზე, ორ ფაველაში - "კომპლექსო დუ ალემაოში" და "კომპლექსო და პენიაში" შევიდა.

ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული ქვედანაყოფების, ჯავშანმანქანების, ვერტმფრენების და საბრძოლო დრონების მობილიზების მიზეზი გავლენიანი დანაშაულებრივი სინდიკატის "კომანდო ვერმელიოს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია გახდა.

სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე, კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობამ ქუჩებში საკუთარი წევრები გამოიყვანა. ბარიკადებით გადაკეტა გამზირები, ქუჩები და სატრანსპორტო კვანძები, სინდიკატის წევრებმა ავტომობილები დაწვეს და ძალოვნებს ცეცხლი გაუხსნეს.

ძალოვნებსა და კარტელის წევრებს შორის შეტაკებები 9 კვადრატული კილომეტრის რადიუსზე მიმდინარეობდა. ნარკოკარტელის წევრები პოლიციის ქვედანაყოფებს ასაფეთქებელ მოწყობილობებს დრონების საშუალებით ესროდნენ. საპასუხოდ, სამართალდამცავებმა ცეცხლი ავტომატებიდან გახსნეს.

შეტაკებების დაწყებიდან მალევე, შენობებიდან ქალაქის ქუჩებში ათობით ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, ბრაზილიის ისტორიაში "ყველაზე სისხლიანი" რეიდი 17 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოპერაციის შედეგად, დაიღუპა 64 ადამიანი - ძირითადად, სინდიკატის "კომანდო ვერმელიოს" წევრები, მშვიდობიანი მოქალაქეები და 4 პოლიციელი. არიან დაჭრილებიც.

ქუჩაში სროლის პარალელურად, მიმდინარეობდა დაკავების ოპერაციაც. ძალოვნებმა აიყვანეს დაჯგუფების ის ლიდერები, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროში ნარკოტრაფიკის 70%-ს აკონტროლებენ. სულ დაკავებულია დაჯგუფების ასამდე წევრი, მათ ვინაობას პოლიცია ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

ნახევარ ტონაზე მეტი, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის კოკაინი და ჰეროინი... ასევე საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები, 90‑ზე მეტი შაშხანა- ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები - ეს ყველაფერი პოლიციამ 180 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო.

სპეცოპერაციის დაწყების განკარგულება რიო დე ჟანეიროს გუბერნატორმა ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გასცა. კლაუდიო კასტრომ გადაწყვეტილება, ჩატარებული, ერთწლიანი გამოძიების შედეგების საფუძველზე მიიღო. ცნობილია, რომ ოპერაციას სამართალდამცავები 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

რეიდის შემდეგ, რიო დე ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. "კომპლექს დუ ალემაოს" და "კომპლექსო და პენიას" 200 ათასზე მეტ მცხოვრებს ხელისუფლება სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, არ ფუნქციონირებს სატრანსპორტო მიმოსვლა, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, რეიდის ჩატარების მიზეზი, ბრაზილიის ყველაზე ძველი და ავტორიტეტული ნარკოკარტელის, "კომანდო ვერმელიოს" გავლენების ზრდა გახდა. დაჯგუფების წევრების რიცხვი 30 ათასს გასცდა. ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნარკოტრაფიკი და გამოძალვაა.

რიო დე ჟანეიროში არსებული ვითარების გამო, ბრაზილიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები