მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინება გერმანიის გაცხადებული სურვილია - გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. საუბარია ამერიკის ახალ გადაწყვეტილებაზე - დასანქცირდეს ორი უმსხვილესი ნავთობკომპანია, "როსნეფტი" და "ლუკოილი". ფრიდრიხ მერცი შტატებს სანქციებისგან სწორედ "როსნეფტის" გერმანული ბიზნესის გათავისუფლებას სთხოვს, რაც "ქართული ოცნების" შეფასებით, სხვა ქვეყნების მიმართ დასავლეთის მიკერძოებულ მიდგომაზე მიუთითებს.
"როსნეფტის" შვილობილი გერმანული კომპანიების სანქციებისგან დასაცავად, გერმანიის კანცლერი შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამაზე ფრიდრიხ მერცმა თავადვე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ მათთვის შესაბამის გამონაკლისს დაუშვებს.
სანქციები შტატების სახაზინო დეპარტამენტმა იმ კომპანიების წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 50 პროცენტს აწარმოებენ. ამერიკული შეზღუდვები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას, რათა უკრაინაში ომის დაფინანსებისთვის კრემლის შემოსავლები შემცირდეს. სწორედ გადაწყვეტილების მიზანზე აკეთებს აქცენტს ქართული ოპოზიცია, თუმცა ამ პროცესში გერმანიის ორმაგ სტანდარტს ვერ ხედავს.
"ქართული ოცნება" უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაკეთებულ იმ განცხადებებს იხსენებს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ. იყო არაერთი ბრალდებაც სანქციების გვერდის ავლაზე. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, გერმანიის კანცლერის განცხადება ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ევრობიუროკრატები სხვა ქვეყნების დაზიანების ხარჯზე მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ.
რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიასთან - "როსნეფტსა" და "ლუკოილთან" ტრანზაქციების შეწყვეტისთვის მიცემული ვადა 21 ნოემბერს იწურება. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტამდე ანალოგიური სანქციები დააწესა ბრიტანეთმაც. ევროკავშირმა კი გადაწყვეტილება მიიღო რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვაზე.