რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მხრიდან, კანონის მიზანმიმართულად დარღვევაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ისინი კიდევ ერთხელ აფრთხილებენ ყველას, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის მარტივი "ნაცმოძრაობის" და მისი ფილიალების მდგომარეობა, ყველა ველზე დამარცხდნენ - არჩევნებში, პარლამენტში, საკრებულოებში, ქუჩაში, მათ შორის, უცხოეთშიც და შესაბამისად, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ადეკვატურია იმ რთული მდგომარეობის, რაც აქვთ პოლიტიკურად. ამიტომაც არის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბება, მიუხედავად იმისა, რომ იმ ტროტუარსაც ვერ ავსებენ, სადაც იკრიბებიან, პარლამენტის წინ, და რამდენიმე ათეული ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ხუთი ადამიანიც კი, ითხოვს დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვას, ბუნებრივია, რომ ალოგიკურთან და უსამართლოსთან ერთად, ეს არის კანონდარღვევა. თუ რაოდენობა იქნება იმდენი, რომ ბუნებრივად მოხდება გადაკეტვა, ამას თავად პოლიცია ახერხებს ხოლმე", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.