საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ვიზიტით ეუთოს ეგიდით იმყოფებოდა, ამბობს, რომ ელინა ვალტონენმა დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, ქართულმა მხარემ იმ ჩარჩოებში იმოქმედა, რა შესაძლებლობასაც იძლევა საერთაშორისო წესები.
"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა კონკრეტული მანდატით. ეს კონკრეტული მანდატი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ვიზიტი, რაც ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მის ვიზიტს ფაქტიურად თავმჯდომარეობის დასასრულს, არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის, მას ფასი ექნებოდა ნამდვილად, თუ ის ჩამოვიდოდა საქართველოში იანვარში, თებერვალში, წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც წლის ბოლოს, მაშინ, როდესაც თავმჯდომარეობის თვე-ნახევარი გაქვს დარჩენილი, რამდენად აზრიანია ეს ვიზიტი, კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელი არ შეგვიშლია ამ ვიზიტის განხორციელებაში, პირიქით, ხელი შევუწყეთ ამ ვიზიტის განხორციელებას და ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურის ფარგლებში ეწვია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა.
მან რეალურად, დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას ეუთოს ფარგლებში. 57 მონაწილე ქვეყანაა, ჩვენი რეაქცია იყო დიპლომატიის ჩარჩოებში, ჩვენ არ დაგვიწყია კომენტარების გაკეთება ქუჩიდან და ვიდეოების ატვირთვა სოციალურ ქსელში. ჩვენ ვიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც მოქმედების შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო წესები. გაგზავნილი იქნა ნოტა, რომელიც მიიღო ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანამ. ამ ნოტას ჰქონდა გამოხმაურება და ეს გამოხმაურება ნიშანდობლივია - 57 ქვეყნიდან, ათმა მონაწილე ქვეყანამ გაამართლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება, შეაგულიანა თუ მხარი დაუჭირა. ესეც რაღაცას ნიშნავს, 57 ქვეყნიდან 10 ქვეყანა გიჭერს მხარს", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.