18 აგვისტო 2026,   00:05
ვრცლად
გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის ახალ კონცეფციაზე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა - ღონისძიება ერევანში იმართება

გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის ახალ კონცეფციაზე საერთაშორისო ფორუმზე ისაუბრა. ღონისძიება ერევანში იმართება. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომუშავე კომისიამ შეიმუშავა.

"ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ" - ამ თემაზე გაიმართა პანელური დისკუსიაც. გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

"დეტალურად გვქონდა საუბარი იმ შვიდი გამოწვევის შესახებ, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები დგანან და იმ გადაწყვეტის გზებზე, რომელიც ჩვენი აზრით, არის რელევანტური იმისთვის, რომ ეს გამოწვევები იქნეს დაძლეული. იკვეთება, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორი დგას, არის დამახასიათებელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ევროპული თუ აზიური ქვეყნისთვის", - აცხადებს გივი მიქანაძე.

განცხადება გააკეთა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ჟანა ანდრეასიანმა.

"მაღალი ინტერესით ვეცნობით საქართველოს მიერ დაწყებულ უმაღლესი განათლების ახალ რეფორმას. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ მინისტრის პრეზენტაცია, რომელიც დეტალურად გვაცნობს დაგეგმილ რეფორმას, ასევე ვისაუბრებთ ჩვენი შემდგომი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. ჩვენ შორის უკვე არსებობს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით", – აცხადებს ჟანა ანდრეასიანი.

დღის ამბები