ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 4 ოქტომბერს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე.
საბჭო, ასევე, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ უახლეს მოვლენებს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და გაცვლის მოსაზრებებს ევროკავშირსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის ურთიერთობებზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, რომლის შეფასებით, ქვეყანაში მოვლენები შემაშფოთებელია.
"ჩვენ, ასევე, განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებშიც საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. ოპოზიცია, როგორც იცით, პატიმრობაშია, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი დადუმებული. ჩვენ ვგმობთ ყალბ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ისაუბროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაითვალისწინოს მათ სურვილი, გახდნენ ევროპის ნაწილი," - განაცხადა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
საქართველოსთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა ეუთოს თავმჯდომარემ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ. მისი შეფასებით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.
"სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში, რაც ჩვენთვის ძალიან მკაფიო სიგნალია. აშკარაა, ეს არ არის ევროპული გზა," - აღნიშნა ეუთოს თავმჯდომარემ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ.