კანონპროექტი დღეს კანონად იქცა - საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, პარტიის წევრობის, მისი ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების, პოლიტიკური პარტიის დაფინანსების აკრძალვა. იმ პირებს, ვინც დაკავშირებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტთან, აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. საქართველოს კონსტიტუციის სწორედ ეს მუხლი არეგულირებს, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომლის მიზანიც კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა.
ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაა, ოპოზიციისთვის ანტიდემოკრატიულ ქმედებად ფასდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ სარჩელიც არ შესულა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები გადაწყვეტილების, ევროსასამართლოში გასაჩივრებას უკვე აანონსებენ.
კონკრეტული პარტიების აკრძალვას დემოკრატიის გადარჩენის არგუმენტით ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი აკრძალვა გავრცელდება იმ პირებზეც, ვინც კონსტიტუციის დამრღვევი პარტიის წევრი ოფიციალურად არც ყოფილა, თუმცა 2012-მდეც და 2012-ის შემდეგაც ამ პოლიტიკურ ძალასთან კოორდინირებულად მოქმედებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებებსა და საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ პარტიების და პირების სია, ვისაც აკრძალვა შეეხებათ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
ცვლილებები ერთდროულად 4 კანონში შევიდა. მათ შორის „სისხლის სამართლის კოდექსშიც".ჯარიმა დაეკისრება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამის პირს მისცემს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წევრობის უფლებას.
ავტორი: ნანა გოგატაძე