პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობას და აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ცვლილებები ჯამში 4 კანონში შევიდა და მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ასევე თითქმის მზად არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სარჩელი მაღალი იურიდიული სტანდარტებით იქნება დამუშავებული.
"საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩვენ ვნახეთ თითოეული პარტიის ამ პროცესში მონაწილე ან დაკავშირებული სუბიექტის როლი ქვეყნის წინააღმდეგ. მათ შორის ეს იყო 2008 წლის ომი თუ შემდგომი პროცესები და მოვლენები, რომელმაც სამწუხაროდ მძიმე დაღი დაატყო, როგორც ქვეყანას ასევე ჩვენს მოქალაქეებს.
სარჩელი იქნება დამუშავებული ძალიან მაღალი სტანდარტებით და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმებით,"- აცხადებს ნინო წილოსანი.