ვერაკრუსი, იდალგო, პუებლო, კერეტარო და სან-ლუის-პოტოსი - მექსიკის ხუთი შტატი სტიქიური უბედურების ზონაა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებს სამმა ტროპიკულმა ქარიშხალმა - "პრინცილამ", "რაიმონდმა" და "ოქტავამ" გადაუარა.
ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა, მეწყრული პროცესების გააქტიურება, ღვარცოფული ნაკადები და მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, რის გამოც, უკვე ერთი კვირაა, ოთხასამდე დასახლება გარე სამყაროს მოწყდა.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მაშველები 65 დაკარგულს ეძებენ. სამუშაოებში არმიაც ჩაერთო. სამხედროები ძებნის სამუშაოებში, ვერტმფრენებს, ნავებს, მძიმე ტექნიკას, მეძებარი ძაღლებს, დრონებს და თერმულ კამერებს იყენებენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 64 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი ასი ათასმა ოჯახმა დაკარგა. ხელისუფლებამ თავშესაფრის გარეშე დარჩენილებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 146 თავშესაფარი გახსნა. სადაც უკვე გადაყვანილია ათასობით დაზარალებული. ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმმა მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა, განაცხადა, რომ მექსიკის ბიუჯეტში სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საკმარისი რესურსი არსებობს და ხაზინიდან ამ მიზნით სამი მილიარდი პესოს, 150 მილიონი დოლარის გამოყოფის ბრძანება გასცა.
მიმდინარე სტიქიურ უბედურებას მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. მექსიკის გარემოს ეროვნული ინსტიტუტის შეფასებით, ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში ძლიერი ნალექების ინტენსივობა დაახლოებით 25–30%-ით გაიზარდა, რაც გლობალური დათბობის შედეგია.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე