პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ცდილობს გაემიჯნოს გადატრიალებისა და დამხობის სცენარს, კარგად იყო ინფორმირებული თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 4 ოქტომბერს. სახელისუფლებო გუნდში ასევე იხსენებენ იმ გამაფრთხილებელ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომლებიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ისმოდა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ეს შეკრება იყო დანაშაულებრივი.
"ეს შეკრება "ნაცების" ორგანიზებით, თავისი არსით და შინაარსით იყო დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი. ამას არანაირი შეხება და არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან.
ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების არაერთი განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში, რომ უნდა მომხდარიყო პროცესების გამწვავება, შემდეგში კი შეფუთეს "მშვიდობიანი დამხობით". ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ვინც ესენი სცენაზე გამოიყვანა, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები", - აცხადებს გიორგი გაბუნია.