მმართველი გუნდი იმ აქტივისტებს აფრთხილებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს გზის სავალ ნაწილს კეტავენ. როგორც დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. მისი განმარტებით, რუსთაველზე შეკრებილი აქტივისტები კანონის ჩარჩოებიდან უკვე გავიდნენ.
პროცესს გარედან მართულს უწოდებს დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი. კახა კალაძე იმ დისკომფორტზეც საუბრობს, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებლებს ყოველ საღამოს ცენტრალური გამზირის გადაკეტვით ექმნებათ.
"ქართული ოცნების" გაფრთხილება ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. ბოიკოტში მყოფ პარტიებში ამბობენ, რომ რუსთაველზე აქტივისტები მშვიდობიანად, კონკრეტული მოთხოვნების გასაჟღერებლად იკრიბებიან.
პარლამენტის თავმჯდომარისთვის კი ეს საპროტესტო მუხტი 4 ოქტომბრის გადატრიალების გეგმის ნაწილი და ჩავარდნილი დამხობის სცენარის გაგრძელებაა. სახელისუფლებო გუნდი ამჯერადაც გაფრთხილებით იწყებს და აქტივისტებს კანონის ჩარჩოებში მოქცევისკენ მოუწოდებს.
300 დღეზე მეტია, რაც რუსთაველის გამზირზე აქტივისტები გზის სავალ ნაწილს კეტავენ. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის კულმინაცია 4 ოქტომბერს წარუმატებლად დასრულდა, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ქვეყნის მთავარი გამზირის გადაკეტვას. დედაქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით მმართველი გუნდი მეთოდურ მიდგომებს აანონსებს.
ავტორი:კესო ქაფიანიძე