თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრეს. დელეგაცია არ შეხვედრია მმართველი გუნდის წევრებს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევროპარლამენტარებს სიმართლის მოსმენის ეშინიათ.
"არ ვიცი რომელი დელეგაციაა კონკრეტულად. ჩვენ ვიცით ევროპარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა რაც არის. შეგახსენებთ მათ რეზოლუციას - ორი რამე არის მორალური სვეტი, რომელსაც ეყრდნობა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი: მიხეილ სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება. კითხვა უნდა დავუსვათ ყველა ამ ადამიანს - ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატად და პოლიტიკურ დევნილად და მეორე - ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომლითაც ქართველი ხალხი გამოაცხადეს არარაობად და მათი ნება, რომელიც გაცხადდა 2024 წელს, თქვეს, რომ არ ითვლება. თუ გექნებათ შეხება ამ დეპუტატებთან, ჰკითხეთ და თუ ამ ადამიანებმა თქვეს, რომ კი, მხარი დავუჭირეთო, ესენი არიან ანტიდემოკრატები და ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი ადამიანები," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.