ხელისუფლების გაფრთხილებას აქტივისტების მიმართ, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას მაშინ, როდესაც არ არსებობს ამის არც ფიზიკური და არც იურიდიული საფუძველი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე განსხვავებული აზრისა და საპროტესტო მუხტის ჩაკვლის მიზანზე საუბრობს.
"ქართული ოცნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქეზე, რომელიც არა ერთხელ გამოსულა ქუჩაში, მაშინაც იძახდა, რომ ეს არის 5 ათასი და 7 ათასი. "ქართული ოცნების" შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რელევანტური არ არის. მიზანი არის განსხვავებული აზრის და საპროტესტო მუხტის ჩაკვლა ამ ქვეყანაში," - აცხადებს ანა წითლიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე რუსთაველზე დგანან მშვიდობიანი ადამიანები, რომელთაც უნდათ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები.
"რუსთაველზე დგას მშვიდობიანი პროტესტი, რუსთაველზე დგანან მშვიდობიანი ადამიანები, რომელთაც უნდათ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ პროტესტს ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ. ის, რაზეც იმუქრება ირაკლი კობახიძე, მისი არჩევანია, საზოგადოება ამასაც მიიღებს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეპრესიულ მეთოდად. მაგრამ, რუსთაველი მეორე დღეს კვლავ შეიკრიბება", - ამბობს თენგიზ თევზაძე.
ავტორი: კესო ქაფიანიძე