07 აგვისტო 2026,   16:36
ვრცლად
"ყველა ორგანიზატორს და შემსრულებელს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებასთან არის კავშირში, შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა" - ირაკლი ქადაგიშვილი

4 ოქტომბერს თბილისში დივერსიული აქტის მოსაწყობად ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის სამალავი მცხეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის მიმდებარედ, ტყის მასივში მდებარეობდა.

საქმის ახალი დეტალები ცნობილი პროკურატურის განცხადებიდან გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბერს დივერსიული აქტები აღკვეთა, მათ შორის მოხდა სუს-ის მიერ იმ პირების განეიტრალება, რომლებსაც შეიარაღება სამალავიდან თბილისში უნდა შემოეტანათ.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ვისაც სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირი აქვს, ყველა დაისჯება.

"ჩვენ ყველამ ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ამოღებულ იქნა საბრძოლო იარაღები, საბრძოლო მასალები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც უნდა გამოყენებულიყო აქციის მიმდინარეობის დროს, სიტუაციის ესკალაციისთვის, ამას გამოძიება გვამცნობს.

ჩვენ ნანახი გვაქვს ასეთი მძიმე სცენარი უკრაინის ერთ-ერთი მეიდნის განხორციელების დროს, როდესაც სიტუაციის ესკალაციისათვის, დაუდგენელმა სნაიპერმა თუ სნაიპერებმა გახსნეს ცეცხლი ორივე მიმართულებით. ჩვენ ეს დიდი ტრაგედია თავიდან ავიცილეთ და გამოძიებამ ეს ყველაფერი წინსწრებად მოახერხა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაცილებით მძიმე სურათი გვქონოდა.

ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება და ყველა ორგანიზატორს და შემსრულებელს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებასთან არის კავშირში, შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები