13 აგვისტო 2026,   13:31
ვრცლად
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით არის დაგეგმილი და მასში შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრებია გათვალისწინებული:

• რეალური ეკონომიკური ზრდა - 5%, საშუალოვადიან პერიოდში - 5.3%;
• მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%-ით განისაზღვრა;
• ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 110,5 მილიარდ ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს;
• ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26.8 მილიარდი ლარი იქნება, რაც მშპ-ის 24.2%-ია. მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35%-ის ფარგლებში იქნება.

„ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარი იქნება, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს სრულად დააფინანსოს მის მიერ აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომიტეტების წევრებთან ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოსდაცვით და თავდაცვის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი პირვანდელი ვერსიაა და ფინანსთა სამინისტრო მზად არის, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წლის ბოლოს პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს.

ერთობლივ საკომიტეტო სხდომაზე საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტების წევრები მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებით, გეოლოგიისა და გარემოსდაცვითი საკითხებით, ფიტოსანიტარიისა და სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით, ასევე მყარი ნარჩენების მართვისა და ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხებით დაინტერესდნენ. პარლამენტის წევრების შეკითხვები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი დაფინანსებისა და ნაპირსამაგრ სამუშაოებს და შინაურ ბინადარ ცხოველთა პროგრამების საბიუჯეტო თანხების საკითხებსაც შეეხებოდა, რაც გიორგი კაკაურიძემ დამატებით განმარტა.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ კომიტეტების წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც წარადგინა, რომელიც კომიტეტებმა ცნობად მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დღის ამბები