ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), გადაცემაში "ისტორია დეტალებში", წმინდა აღმსარებელ ამბროსი (ხელაიას) შესახებ საუბრობს. მიტროპოლიტი ჰყვება, როგორ მოხდა მისი წმინდანად აღიარება.
"1995 წელს, გაფართოებული კრება ჩატარდა საქართველოს ეკლესიისა და აქ ეკლესიამ განიხილა მრავალი ჩვენი ღირსეული წინაპრის საკითხი, მათ შორის, ამბროსი ხელაიას, როგორც საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლის და ეწოდა მას აღმსარებელი.
არის ორი სახეობა წმინდანისა - მოწამე, რომელიც ძალადობრივი სიკვდილით, ქრისტიანობისთვის იქნება მოკლული და აღმსარებელი, რომელიც თავისი სიკვდილით გარდაიცვლება, მაგრამ უმძიმესი დევნის პირობებში ცხოვრობს და რაც მთავარია, ის ამ დევნას არ გაურბის. მიუხედავად დევნისა, ის არ წყვეტს პროტესტს, არ წყვეტს მხილებას. ასეთი აღმსარებლობა მოწამეობაზე ნაკლები არ არის. ეს არის მუდმივი ჯვარცმის რეჟიმში ცხოვრება და ასე გაატარა მთელი ცხოვრება - მუდმივი ჯვარცმის რეჟიმში," - აცხადებს მეუფე დანიელი.