ღონისძიება, რომლის ორგანიზებაში პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" ადანაშაულებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ძველი სპეცსიების გავრცელებას ეხება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხარდამჭერებმა ასობით ადამიანის ფოტო გამოაქვეყნეს, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სია მოიპოვეს. ტყუილი ფოტოზე დარჩენილმა საარჩევნო უბნის ნომერმა გამოააშკარავა. ოპონენტების მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელება პარლამენტის თავმჯდომარისთვის ახალი არ არის. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია და გარედან დაფინანსებული მედიასაშუალებები ახლა ჰიბრიდული თავდასხმებით ინფორმაციული ხმაურის შექმნას ცდილობს.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფენ ადრესატები. "ლელოში" ამტკიცებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ძველი სპეცსიების გამოტანასთან კავშირი არ აქვთ.
"ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო სამზადისის ნაწილია ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანიაც, მიზანი კი ოპონენტების მხრიდან ხალხში არარსებული მუხტის აწევაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი გეგმით მუშაობს, ამის დასტური კი ცესკო-ს სპეცსიის გამოქვეყნებაა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდაცვლილ თანამშრომელთან ერთად, ის პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ყოველდღიურად ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლით იცავენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველ სპეცსიებამდე კი იყო ძველი გეგმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გდდ-ის 4 ოქტომბრის გეგმად გაასაღა. ოპოზიცია სიცრუეში მმართველმა გუნდმა მაშინაც ამხილა. ფოტოები, რომელიც ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა, რამდენიმე წლისწინანდელია და პარლამენტის ჭიშკარი დღეს სხვანაირად გამოიყურება. ფაქტების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მაინც ამტკიცებენ, რომ გეგმა რეალურია.
ხალხთან ერთად, მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება "ქართული ოცნება", ოპონენტებს კი მარცხს უწინასწარმეტყველებენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის სურვილი, ძალოვან სტრუქტურებში მოღალატეები იპოვონ და არეულობა შეიტანონ, რეალობად ვერ იქცევა.
ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია მათი უსუსურობის ლუსტრაციაა პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტების მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების 4 მცდელობა გაიხსენა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისევე როგორც წარსულში, ახლაც ქვეყანაში რადიკალური პროცესები ვერ მოხდება.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ოპონენტებს, "ქართული ოცნების" წევრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ნებისმიერი სახის კანონდარღვევას მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ავტორი: ნანა გოგატაძე