სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების ადრესატები, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და პროტესტში მონაწილე გარკვეული ჯგუფები არიან. სუს-ის ხელმძღვანელის რანგში პირველი ინტერვიუს ძირითადი ნაწილიც არჩევნებამდე 2 დღით ადრე არსებულ მდგომარეობას დაეთმო. მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჯგუფი სერიოზულად განიხილავს საზოგადოებაში მძიმე ემოციური მდგომარეობის გამოწვევას და პროცესების ამ გზით დაძაბვას. სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ მსგავს ქმედებას მძიმე სამართლებრივი პასუხი მოჰყვება.
სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, "ქართული ოცნების" ლიდერები განუხორციელებელ გეგმას უწოდებენ. კახა კალაძემ ამის შესახებ "ღამის კურიერში" ისაუბრა. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას კანონი არეგულირებს, მისგან გასვლას კი არავის ურჩევენ.
ოპოზიცია ისევე, როგორც მათი აქტიური მხარდამჭერები და აქტივისტები, რუსთაველის გამზირს დიდი ხანია ფრონტის ხაზად აღიქვამენ. საკუთარ გეგმებზე და 4 ოქტომბერს ქუჩაში პროცესების განვითარებაზე არაერთ დახურულ, თუ ღია პლატფორმებზე მსჯელობენ.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის გეგმა გაწერილია. ნაწილი დარჩენილ დღეებს მხარდამჭერების მობილიზებას დაუთმობს. არჩევნებში მონაწილე პარტიებში კი ფიქრობენ, რომ წინააღმდეგობის ფორმა სწორედ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა და შემდეგ უკვე სამოქალაქო აქტივობაა.
ძალადობას და კანონის დარღვევას კონკრეტული შედეგი მოჰყვება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამართლებრივ გადაცდომას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვრცელ ინტერვიუში ოპოზიციის დასახმარებლად გამოყოფილ უცხოურ დაფინანსებაზეც ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით შენიღბული გზით მიღებული უცხოური ფულადი რესურსი ხელისუფლების ცვლილებისკენაა მიმართული. რაც სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკული "ფარას" კანონის ქართული ანალოგის ამოქმედებამ გამოააშკარავა.
სახელისუფლებო პარტია პოლიტიკური ოპონენტების უცხოელ პარტნიორებს ურჩევს, უარი თქვან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. ოპოზიციას კი როგორც 4 ოქტომბერს, ასევე მომდევნო დღეებშიც კანონის მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.