უმრავლესობის ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტყუილში ადანაშაულებს. საუბარია ირაკლი ნადირაძის "ფეისბუქ" სტატუსზე, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბრის აქციისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა მოიპოვა. აქვეყნებს ფოტოებსაც, ერთ-ერთ ფოტოზე საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარია. ნადირაძე ამტკიცებს, რომ კარს შიდა მხრიდან დამატებითი რკინის ჩამკეტი უკეთდება, რეალურად კი, პარლამენტის ჭიშკარს დამატებითი ჩამკეტი, დამატებით რკინის კართან ერთად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაუკეთდა.
უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი პოსტი გამოაქვეყნა და "კურიერთან" ინტერვიუშიც თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ გამოქვეყნებული ფოტოც და გეგმაც ძველია.
პარლამენტის კარის რეალური სურათის და "ფეისბუქზე" გავრცელებული ფოტოს სხვაობის მიუხედავად, სტატუსის ავტორი მაინც ამტკიცებს, რომ გეგმა რეალურია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია უკვე დიდი ხანია მოღალატეებს "ქართული ოცნების" რიგებში ეძებს, სამიზნე კი სამართალდამცველები არიან. მმართველი გუნდის განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერცერთი მოღალატე ვერ იპოვეს და სწორედ ამას უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან მორიგი დეზინფორმაციული კამპანიაც.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტებს ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურული აქვთ და ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ქვეყანაში პროცესების არევასა და დესტაბილიზაციას ემსახურება.
ავტორი: ნანა გოგატაძე