ქუთაისის ნომერ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებამდე ზუსტად სამი დღით ადრე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწყობის კარი, სადაც ყველა ტექნიკა ინახება, "კურიერისთვის" გაიღო.
პლანშეტური კომპიუტერები, ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატები სრულ მზადყოფნაშია. სპეციალური ტექნიკა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საარჩევნო უბნებზე განაწილდება და მოქალაქეებს 4 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან მოემსახურება.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა გახსნილი, ყველა მათგანს სპეციალური სასაწყობე სივრციდან ტექნიკურად გამართული ელექტრონული აპარატურა ეტაპობრივად გადაეცა. სრული დატვირთვით მუშაობს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაც, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული კადრები ბოლო სამუშაოებს ასრულებენ.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ზუგდიდშიც.
სპეციალურ სასაწყობე სივრცეში განლაგებული საარჩევნო ტექნიკა სულ მალე საარჩევნო უბნებზე გადაინაცვლებს. საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით "კურიერს" 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ესაუბრა. მირანდა მესხი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები გამართულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.
4 ოქტომბრის არჩევნები რომ მაღალ პროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და გამართულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, დარწმუნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად სრული დატვირთვით მუშაობს და წინა საარჩევნო სამზადისს რეგიონებსა თუ დედაქალაქში პირადად ეცნობა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3061 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან კენჭისყრა 2284 უბანზე ელექტრონული, 777-ში კი ტრადიციული წესით ჩატარდება. 4 ოქტომბერს, ზუსტად სამ დღეში მოქალაქეები მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.