ხაზარაძე-ჯაფარიძის მოქმედ თანაგუნდელებს ყოფილი ფარული ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიის გავრცელებაში ადანაშაულებს. კარა ორუჯოვის ბრალდების საფუძველზე, დაკითხვაზე დაბარებული ზურაბ სხირტლაძე რუსთავის საოლქო პროკურატურაში არ გამოცხადდა. მიზეზებზე წერეთლის თემის "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა "კურიერთან" საუბარი არ ისურვა. საგამოძიებო უწყებაში მას ოფიციალურად 16:00 საათზე ელოდნენ, თუმცა ზურაბ სხირტლაძე ამტკიცებს, რომ დაკითხვაზე დაბარებული არ იყო.
კარა ორუჯოვმა, რომლის სატელეფონო საუბარიც პარტია "ლელოს" ლიდერებმა იმის დასადასტურებლად გაავრცელეს, რომ მას სუს-ი აშანტაჟებდა, ზეწოლის ფაქტი უარყო. ორუჯოვმა ყიზილაჯლოში კანდიდატურის მოხსნის და "ლელოს" დატოვების რეალურ მიზეზებზე "კურიერთან" ისაუბრა. თქვა, რომ მისთვის "ლელოს" პოლიტიკური კურსი მიუღებელია და კანდიდატურაც, სწორედ ამის გამო მოხსნა.
მას შემდეგ, რაც "ლელოს" მოქმედი წევრები ყოფილმა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში დამატებით კომენტარს აღარ აკეთებენ. მმართველი გუნდი კი, ხელისუფლების ოპონენტებს ახსენებს, რომ კარა ორუჯოვი პირველი არ არის, ვინც "ლელო" დატოვა. მიზეზი სახელისუფლებო პარტიისთვის მარტივია - ამბობენ, რომ ყველა რეგიონს უკეთეს მომავალს მხოლოდ "ქართული ოცნება" ჰპირდება.
ყველა სოფელსა და ქალაქში "ლელოს" მარცხს უწინასწარმეტყველებენ ყოფილი კოლეგებიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ უკვირთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს ბევრი ტოვებს. "სტრატეგია აღმაშენებელში" კი არ გამორიცხავენ, რომ "ლელოს" წევრებზე ზეწოლა მართლაც ხდებოდეს.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიებით, "ლელოს" მორიგი ტყუილი დადასტურდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან იმართებიან და არც მათი რიგებიდან, გარკვეული პირების წასვლა უკვირთ.
მუქარაზე, ბულინგსა და მოსყიდვაზე "ლელო" გასულ კვირასაც საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ბოლნისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი სუს-ის ზეწოლის გამო თქვა. ეს ინფორმაცია კი, "კურიერთან" თავად ასეფ ჩირაგოვმა უარყო და თქვა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, განსხვავებული პოლიტიკური ხედვის გამო მიიღო.