17 აგვისტო 2026,   17:52
ვრცლად
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ 4 დღეში რუსთაველის გამზირი შესაძლოა დიდი არეულობის ეპიცენტრად იქცეს - ღიად თქვეს, რომ ომ გამოვლილი ადამიანები, წინა ხაზზე, ძალის დემონსტრირებისთვის ემზადებიან

ხელისუფლების დამხობის გეგმის თანაავტორების მიერ შეკრებილი ჯარის შემადგენლობაში აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეები, ასევე ავღანეთსა და უკრაინაში მებრძოლი ქართველები სახელდებიან. ონლაინ დისკუსიაში, სადაც 4 ოქტომბრის სტრატეგია განიხილეს, აქციის ორგანიზატორებმა არ გამორიცხეს, რომ 4 დღეში რუსთაველის გამზირი შესაძლოა დიდი არეულობის ეპიცენტრად იქცეს. ღიად თქვეს, ისიც, რომ ომ გამოვლილი ადამიანები, ახლაც წინა ხაზზე ბრძოლისა და ძალის დემონსტრირებისთვის ემზადებიან.

თითქმის 2 წუთიან ვიდეომასალაში, ემიგრანტ აქტივისტ ნანა სანდერთან ერთად, ფიგურირებს კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 სასულიერო პირია. ერთ-ერთი კი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. რომელმაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაკავებული ლევან ხაბეიშვილი 10 დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აზიარა. სასულიერო პირი ტაძარში არ დაგვხვდა და არც სატელეფონო ზარის მეშვეობით უპასუხა მთავარ შეკითხვას- რატომ განიხილავენ მებრძოლების გამოყვანას აქციაზე თუ ის მშვიდობიანი იქნება? სამოქმედო გეგმაზე, მხოლოდ ვიდეოზარში ჩართულმა ერთმა აქტივისტმა ისაუბრა.

აქტივისტებისა და ოპოზიციის კონკრეტული ჯგუფის მიზანი, რომ არეულობის მოწყობაა- "ქართული ოცნებისთვის" გავრცელებული ვიდეოჩანაწერიც მოწმობს. სახელისუფლებო გუნდი მას დამატებით მტკიცებულებად მიიჩნევს და მკაფიოდ ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას არც ამჯერად დაუშვებს.

გაფრთხილების მიუხედავად, ისევ ხელისუფლების დამხობით იმუქრება "ნაციონალური მოძრაობა". ამჯერად გააქტიურდა საკრებულოს ფლანგი და დეპუტატი ზვიად კუპრავა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში საარჩევნო უბნებზე ფიზიკურ თავდასხმაზე საუბრობს.

წინააღმდეგობისთვის ემზადებიან ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიებიც. ღიად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის საქმეში ბოლომდე ჩაერთვებიან, თუმცა ამტკიცებენ, რომ აქცია მაინც მშვიდობიანი იქნება.

ოპონენტებმა და აქტივისტებმა, სახელისუფლებო გუნდისგან დღეს კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება მიიღეს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა არავის ეპატიება, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კი პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს.

რა გეგმით გადიან ოპოზიცია და მათი აქტივისტები ქუჩაში, 4 დღეში გაირკვევა. მანამდე კი მსჯელობენ სამოქმედო გეგმის რამდენიმე ვერსიაზე, მათ შორის, სახელმწიფო შენობების პიკეტირება-ბლოკირებაზეც.

დღის ამბები