07 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
"მისი უფლებაა, რომ გამოიყენებიან დუმილის უფლება და გამოიყენა" - მამუკა ჟღენტის ადვოკატი

სახელმწიფოს კუთვნილი 403 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებული "გურია ენერჯის" დირექტორს და კიდევ ორი პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2022- 2023 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, "გურია ენერჯის" დირექტორი ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის დახმარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას დაეუფლა. ასევე ექსპერტიზის დასკვნით, გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "გურია ენერჯის" დირექტორთან ერთად დაკავებული ტარიელ მურუსიძის ადვოკატმა, მარიამ გოგორელიანმა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება თაღლითობაში დახმარებას ედავება. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"ბრალდებულს ედავებიან თაღლითობაში დახმარებას, რაშიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ამ წუთას გადმოგვეცა საქმის მასალები და მეტ კონკრეტიკაში ვერ შევალ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე საპატიმრო ღონისძიებას ითხოვს მის მიმართ. როდის ჩატარდება აღმკვეთი ჩემთვის უცნობია, სავარაუდოდ, ხვალ", - განაცხადა მარიამ გოგორელიანი.

რაც შეეხება მამუკა ჟღენტს, ბრალდებულის უფლებადამცველი, ირმა ბრელიძე ამბობს, რომ ჟღენტი დუმილის უფლებას იყენებს.

"მასალები მოცულობითია, გაცნობა ვერ მოვასწარი და მცდელობაც არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, არ ვიცი რა სახის ინფორმაციას აქვს, ამ ეტაპზე, გამოძიებას მოპოვებული.

მისი უფლებაა, რომ გამოიყენებიან დუმილის უფლება და გამოიყენა. აქედან გამომდინარე, დღეს შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიება.

ედავებიან 0-40 ფრაქციის არ გაკეთებას, ეს არის ქვიშა ღორღით მოწყობა მიწის საფენი, რაც რეალურად გამოყენებულია. ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარე დანიშნავს ექსპერტიზა და შემდგომში გაეცემა პასუხი", - განაცხადა ადვოკატმა ირმა ბრელიძემ.

დღის ამბები